FBI-ის აგენტი აშშ-ის ხელისუფლებას ჩაბარდა და აღიარა, რომ უცხოელის კრიპტოვალუტის ანგარიშებიდან, რომელთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა, საკუთარ ანგარიშზე დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი გადაირიცხა.
FBI-ის განცხადების თანახმად, პატრიკ სტივენ იაროკი გასულ კვირას თავად დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, რათა ეღიარებინა, რომ „კრიპტოვალუტის საფულეებთან დაკავშირებით ძალიან მცდარი გადაწყვეტილებები მიიღო“.
უწყების ინფორმაციით, იაროკმა სამსახურებრივი მდგომარეობით ისარგებლა და FBI-ის სისტემების მეშვეობით მიიღო წვდომა იმ გასაღებებზე, რომლებიც კრიპტოვალუტის ანგარიშებიდან თანხების გადასარიცხად იყო საჭირო. 2024 წლის ბოლოდან ან 2025 წლის დასაწყისიდან მან დაახლოებით 10 გადარიცხვა განახორციელა, რომელთა საერთო მოცულობამ დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი შეადგინა.
FBI-ის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თანხები გადაირიცხა ანგარიშებიდან, რომლებიც „მტრულ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული. NBC News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საუბარია რუსეთთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტის ანგარიშებზე.
საქმის მასალებში დეტალურადაა აღწერილი, როგორ შეხვდა იაროკი 29 ივლისს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელს და „თავისი ისტორიის მოყოლისას ტირილი დაიწყო“. პატრიკ იაროკის თქმით, ფულის ქურდობის აღიარება გადაწყვიტა „სირცხვილის გამო“, რომელიც „შიგნიდან ჭამდა“, ნათქვამია FBI-ის განცხადებაში.
ამასთან, იაროკის თქმით, მას მხოლოდ პირადი გამორჩენის მოტივი არ ამოძრავებდა. მან განაცხადა, რომ ანგარიშების შესახებ 2024 წლის ნოემბერში, საგამოძიებო საქმიანობის დროს შეიტყო. მისი თქმით, ძალიან იმედგაცრუებული და აღშფოთებული იყო იმით, რომ FBI-ს „არ შეეძლო ან არ სურდა ემოქმედა“ „მტრულ“ ანგარიშებთან მიმართებით.
ამის შემდეგ მან მიიღო წვდომა იმ გასაღებებზე, რომლებიც ეჭვმიტანილის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე თანხის გადასარიცხად იყო საჭირო.
31 ივლისს, დაკავების დღეს, იაროკი FBI-დან გაათავისუფლეს. მას მოპარული ქონების გადარიცხვაში წაუყენეს ბრალი. ამ მუხლით აშშ-ში მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა.
გასულ კვირას FBI-მ იაროკის სახლსა და ავტომობილში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის დროს მან აგენტებს თავისი Face ID-ისა და iPhone-ის PIN-კოდის გამოყენების უფლება მისცა, რის შემდეგაც მათ კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken-ზე მის ანგარიშზე წვდომა მიიღეს.
აგენტთან დაკავშირებულ კრიპტოსაფულეში დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი აღმოჩნდა. თავად პატრიკ იაროკმა თქვა, რომ ზუსტად არ ახსოვდა, რა თანხა გადაირიცხა, რადგან ანგარიშზე მანამდეც ჰქონდა გარკვეული თანხა.



