“სისხლიანი” ბანერები ქვეყანაში – ელენე ხოშტარიამ ცესკოში საჩივარი შეიტანა

პარტია დროას ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ “სისხლიან” ბანერებთან დაკავშირებით ცესკოში საჩივარი შეიტანა.

მისი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ უნდა აღიაროს, რომ ბანერები მისი გაკრულია.

“კამპანიაში აბსოლუტურად ყველა სააგიტაციო მასალას უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი, ტირაჟი და ა.შ. ეს ყველაფერი მითითებული არ არის. კეთილი ინებონ და ფორმალურად მაინც კანონი შეასრულონ, ან აღიარონ რომ მათია და მიაწერონ ამ ყველაფერს. ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ან ცესკო სამართლიანად მოიქცევა და ან ქართული ოცნება რამეს გადაიფიქრებს.

ეს არის კონკრეტული კანონდარღვევა და ასევე ამ კანონდარღვევის გარდა ეს არის მცდელობა, რომ ამოეფარონ ვიღაცას. თან ამბობენ რომ მათია, რადგან ხაზს უსვამენ ამ სიძულვილის შინაარსს, რაც შიგნითაა, თან ტექნიკურად ამ ყველაფერს არ მიუთითებენ, რომ კალაძეს მაგალითად დაუტოვონ სივრცე, თითქოს ძალიან კეთილია და ის არ არის ამ ყველაფრის ავტორი”, – ამბობს ხოშტარია.

ქართულ ოცნებაში უარყოფენ, რომ “სისხლიანი” ბანერები მათ გააკრეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მის შინაარსს ეთანხმებიან.