სისხლიან 9 წელზე საუბრისას, თვითონ გახდით სისხლიანები – ნაცვლიშვილი “ოცნებას”

ფრაქცია ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა. მისი თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, 20 ივნისის მოვლენა წარმოაჩინოს ისე, თითქოს მას 2 მხარე ჰყავდა, თუმცა სიმდვილეში სამი მხარე არსებობს.

“ამნისტიის შესახებ” უმრავლესობის კანონპროექტს დაუსჯელობის დაკანონების კანონი ჰქვია – სისხლიან 9 წელზე ბევრი საუბრისას, თვითონ გახდით სისხლიანები და ახლა გინდათ, კვალი წაშალოთ… ეს 2 წალი რაც ვერ მოაბა შოთაძის უწყებამ, ახლა მაგის წაშლაც გინდათ, მაგრამ არ გამოვა.

თქვენი ლოგიკა ასეთ რამეს ეფუძნება, რომ თქვენ გინდათ მთლიანად 20 ივნისი ისეთ მოვლენად წარმოაჩინოთ, რომელსაც მხოლოდ ორი მხარე ჰყავს. ამ მოვლენას სამი მხარე ჰყავს. ცდილობთ, რომ მესამე მხარე მიჩქმალოთ, მაგრამ ვერ მიჩქმალავთ. ეს მესამე მხარე ის ადამიანები არიან, რომლებიც საერთოდ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდნენ და ანტისაოკუპაციო აქციაზე საკუთარ სამშობლოს იცავდნენ”,– თქვა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, არცერთ უმრავლესობის წევრს გამბედაობა არ ეყო, პარლამენტში გავრილოვის ჩაჯდომა გაეპროტესტებინა.

“სამშობლოს სადღეგრძელოებს რომ დალევთ, ანტისაოკუპაციო აქციაზე თქვენც მდგარიყავით – ხომ არ მოგეწონათ, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში გავრილოვი იჯდა?! მაგრამ არც გამბედაობა და არც სხვა თვისებები გყოფნიდათ, რომ იქ მდგარიყავით. გამბედაობა არც მაშინ გყოფნიდათ, როცა ჩეხვის ოპერაცია დაიწყო, ვინმე მაინც რომ მისულიყავით და ეს ყველაფერი გაგეჩერებინათ”,– აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.