“სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი”-რეზნიკოვი დონბასში გამართულ ბრძოლებზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. 29 იანვარს კანადურ ტელეარხ CBC-სთან ინტერვიუში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დააკონკრეტა, რომ უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში დიდი წვლილს შეიტანს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჟურნალისტ როზმარი ბარტონთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას ამჟამად სჭირდება რეაქტიული გამანადგურებლები, თვითმფრინავები და შესაძლოა რაკეტები რუსეთის საწვავის და საბრძოლო მასალის საწყობებზე თავდასხმისთვის, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ცენტრებზე დასარტყმელად.

ამავდროულად, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების განვითარების კვალდაკვალ, უკრაინამ დაიწყო სამხედრო აღჭურვილობის მიღება, რომელზეც მას ოდესღაც უარს ეუბნებოდნენ, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის, ასევე შორ მანძილზე მსროლელი საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების.

რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ კვირაში ახალი მოლაპარაკებები გაიმართება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებისთვის დასავლელი პარტნიორების მიერ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.

”ჩემთვის ყველაფერი, რაც დღეს შეუძლებელია, ხვალ გახდება შესაძლებელი”, – ხაზგასმით აღნიშნა რეზნიკოვმა.

რაც შეეხება ტანკებით უზრუნველყოფას, მინისტრმა აღიარა, რომ დრო დასჭირდება მათ მიღებას და ეკიპაჟების მომზადებას აღჭურვილობის გამოყენებისთვის. ამავდროულად, რეზნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ეკიპაჟები მზად იქნებიან საგაზაფხულო კამპანიისთვის,  2023 წლის მარტისთვის.

მანამდე, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დასავლური ტანკები გამოყენებული იქნება რუსეთის თავდაცვის ხაზების გასარღვევად. მისი თქმით, დასავლური მძიმე იარაღის მიწოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ კონტრშეტევა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 29 იანვარს Tagesspiegel-თან ინტერვიუში გააკრიტიკა მუდმივი მოთხოვნები უკრაინაში ახალი ტიპის იარაღის რუსეთთან საბრძოლველად გადაცემის შესახებ. პოლიტიკოსმა დაიჩივლა, რომ როგორც კი ერთი გადაწყვეტილება მიიღება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, გერმანიაში ახალი დებატები იწყება.