“სკეპტიკურად ვარ განწყობილი” – ვოლსკი ოპოზიციასთან დიალოგზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი. მისი თქმით, ამის საფუძველს  მთავარი ოპოზიციური პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” აძლევს.

“ჩემი იმედები დამყარებულია იმაზე, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ ყველა არა, მოითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან იმას, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ და უზრუნველყონ ქვეყნის სტაბილურობა, რომ განვითარებას არ შეექმნას პრობლემები. ესაა რეალობა. რეალობიდან რომ გამოვიდეთ, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ჩემს სკეპტიციზმს გუნდში ზოგი იზიარებს, ზოგი – არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში, – ამბობს ვოლსკი.

ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელების მიზნით, 12 მარტს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა როგორც “ოცნების”, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ხვალ, 14 მარტს გადაწყდება, წამოვა თუ არა მმართველი პარტია რაიმე სახის შეთანხმებაზე.