სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები საქართველოს გავლით ჩაიტანეს – აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სერბეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

პროსახელისუფლებო მედია haqqin.az ინფორმაციას სამხედრო წყაროებსა და სოციალურ ქსელებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მასალაში ნათქვამია, რომ სომხური მხარე კონფლიქტური რეგიონის – ტოვუზის დაბომბვისთვის რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა და საბრძოლო მასალა, როგორც სერბეთიდან, ისე რუსეთიდან სომხეთმა საქართველოს გავლით მიიღო. სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ ოფიციალური თბილისის ამგვარმა ქმედებამ აზერბაიჯანული მხარის შეშფოთება გამოიწვია.

პუბლიკაციაში კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა და ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული არაერთი დახმარების სანაცვლოდ, თბილისისგან პროვოკაციებსა და აზერბაიჯანელ ინვესტორებზე ზეწოლას იღებს.

აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიის სარედაქციო წერილში კიდევ უფრო მეტი აღშფოთება “სტრატეგიული პარტნიორის, მეზობლის”, საქართველოს ქმედებების გამოა გამოთქმული.

“განა რამდენიმე წლის წინ ოფიციალურმა თბილისმა არ აკრძალა სომხეთისთვის საბრძოლო ტვირთების სატრანზიტო მიმოსვლა? რა გახდა სერბეთისთვის გამონაკლისის დაშვების მიზეზი? თუ თბილისში არ ესმოდათ, რა მიმართულებით გაფრინდებოდნენ სომხეთიდან ეს ნაღმმტყორცნები? და ჯდება ეს ყოველივე გრძელვადიანი პარტნიორული, აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ჩარჩოებში?”.- ნათქვამია წერილში.

გამოცემა იმ დახმარებაზე საუბრობს, რომელიც აზერბაიჯანმა საქართველოს სხვადასხვა დროს აღმოუჩინა და ხაზს უსვამს, რომ ახლა, საქართველოსგან, სანაცვლოდ პროვოკაციებს და ინვესტორებზე ზეწოლას იღებს.

“ყველაზე რთულ დღეებში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, აზერბაიჯანმა, საგარეო პოლიტიკური რისკების მიუხედავად, საქართველოს დახმარება გაუწია. საკმარისია გავიხსენოთ, რომ როდესაც, საქართველოში ელექტროენერგიის და გაზსადენის ხაზების დივერსიის შედეგად, მისი მოსახლეობა ზამთარში ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, აზერბაიჯანმა საკუთარი მოსახლეობას შეუმცირა გაზის მოცულობა და მეზობელს გაუგზავნა.

დაე, ახსოვდეთ თბილისში, რომ სომხეთი, როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმას აძლევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. დაე, ახსოვდეთ თბილისში, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერებს.

რას ვაკეთებთ საქართველოსთვის ჩვენ და როგორ იქცევა საქართველოსთან სომხეთი. რას იღებენ საქართველოდან ჩვენი მოწინააღმდეგეები? – ჭურვებს და ნაღმტყორცნებს, რომლებიც ხოცავს ჩვენს ჯარისკაცებს. მაგრამ საქართველოდან ასევე ვიღებთ უწყვეტ პროვოკაციებს კეშიკიჩი-დაღში (დავით გარეჯის მონასტერი), მეორე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამფუძნებლის, ნარიმან ნარიმანოვის კრიტიკას, მისი ძეგლის დემონტაჟის მუდმივი მოწოდებების და, საბოლოოდ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართული მედიებში, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.

და ეს ჯერაც არ არის ყველაფერი . ვინაიდან მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ, ბოლო წლებში აზერბაიჯანი გახდა მეზობელი ქვეყნის მთავარი მსხვილი ინვესტორი, რომელმაც კოლოსალური თანხა დააბანდა. მეტიც, ბაქომ ყველაფერი გააკეთა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად და გასაღრმავებლად.

რას ვიღებთ სანაცვლოდ? ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით, საქართველოდან ინვესტორების გაძევების დაუსრულებელ და მზაკვრულ მცდელობებს. ყველაზე არაკეთილსინდისერი – ეს ზეწოლაა, რომელიც აზერბაიჯანელ ინვესტორებზე განხორციელდა, რომლებმაც ინვესტიციები ენერგეტიკს სფეროში განახორციელეს. საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს, შეაფერხოს ჩვენი ინვესტორების ბიზნესი, რაც, ფაქტობრივად, რეიდის სახეს ატარებს”.- წერს აზერბაიჯანული სახელისუფლებო გამოცემა და აღნიშნავს, რომ დაელოდება, როდის მოსთხოვს ბაქო თბილისს, დიპლომატიური და პოლიტიკური არხებით, განმარტებებს სომხეთისთვის საბრძოლო მასალების და აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით”.- ვკითხულობთ აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის სარედაქციო წერილში.