სოციალურად დაუცველი ქალი მღვდელმა ენმ-ს მხარდაჭერის გამო არ აზიარა

ფოტო : TV პირველი

სოციალურად დაუცველი ქალი მღვდელმა ენმ-ს მხარდაჭერის გამო არ აზიარა – ამის შესახებ ინფორმაციას, TV პირველი ავრცელებს. ხელვაჩაურში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში მამა ლუკამ საშობაო ლიტურგიაზე სოციალურად დაუცველ ქალს საშობაო ზიარებაზე უარი უთხრა მიზეზად კი “სააკაშვილის სექსტის მიმდებრობა დაუსახელა.

რუსუდან თავართქილაძე ტელეკომპანია პირველთან ყვება, მღვდელმა ტაძარში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს არ აზიარებდა.

“გულში მივლიდა ნეტავ, რა დავაშავე, რა გავაკეთე ცუდი.. სანამ პასუხს გამცემდა, რამ არ გამიარა გულში. შენ სექტის მომხრე ხარო, ვერ გავერკვიე, სექტა რაღაც ცუდი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ პირადად სექტა რა იყო, ვერ მოვიაზრე. ეგ რა არის, მამაო-მეთქი, ვკითხე და სააკაშვილის მომხრე ხარო”. – ამბობს რუსუდან თავართქილაძე.

ხელვაჩაურში მამაოს პოლიტიკურ ქადაგებებს ახლა მხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები ესწრებიან. ტაძარში მრევლი განახევრდა. მამაომ დასახლება ორად გაყო, ნაწილს ეკლესიაში სიარული აუკრძალა.  მამა ლუკამ  რუსუდანის მსგავსად უზიარებლობით დასაჯა მისი მეუღლე ირაკლი დიასამნიძეც.

“ის მეუფეები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ალბათ რაღაც ფინანსურ ვალში არიანო. სხვა მოძღვარის ძიებაში ვართ ამ კონკრეტული ტაძრის მიმართ. მას შეუძლია, წავიდეს, მოვიდეს ახალი სულიერად განათლებული, რა ასაკის იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ჩვენი სოფლის ეკლესიას პოლიტიკურ ტრიბუნას არ დაამსგავსებს”. – ამბობს რუსუდან თავართქილაძის ქმარი, ირაკლი დიასამიძე TV პირველთან.