“სრული იგნორი” – ოპოზიცია მეორე ტურის დღეს დაგეგმილ აქციებს აუქმებს

ოპოზიციას ხვალ, საპარლამენტო არჩევნებს სრულ იგნორს უცხადებს და არ აპირებს დაგეგმილი არცერთი აქციის ჩატარებას.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ მეორე ტური “ფიქციაა”, ამიტომ ყველაზე სწორი რეაქცია მისი იგნორირებაა.

“საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების მეორე ტურს არქმევს, იყოს სრული იგნორი. არ გვინდა ამომრჩეველთან რაიმე ტიპის კოლიზეაში შევიდეთ. ვაცნობიერებთ, რომ მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31-ში ჩადენილი გაყალბება ივანიშვილმა “გააპრავოს”. ამიტომ, საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთადერთი სწორი რეაქცია ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ იგნორი”,– აცხადებს უგულავა.

ენმ–ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხვალ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ, უნიკალური შანსი ეძლევათ, რომ 1 დღე საბჭოთა საქართველო ნახონ.

“ხვალ იქნება საბჭოთა კავშირის მოდელირება, როგორ მივლენ საარჩევნო უბნებთან და მისცემენ ერთ კონკრეტულ პარტიას ხმას. ამიტომ ჩვენ ყველანაირი აქციები ჩავხსენით, იმიტომ რომ არ მივანიჭოთ იმ ფარსს, რომელსაც აქვს ადგილი. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ხვალ, 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.