სტრასბურგში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს

სტრასბურგში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 21 ივნისს, ქვემო რეინში დააკავეს. 12 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. დაკავებულთა შორის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და სომხური დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი არიან.

სამართალდამცველების თქმით, დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომელთა სპეციალიზაცია ყველა სახის ქურდობაა.

დაკავებულების სახლების ჩხრეკის დროს პოლიციამ 17 000 ევროს ოდენობის თანხა ამოიღო. ასევე 4 ავტომობილი, ერთი მოტოციკლი, 5 პისტოლეტი, ძვირადღირებული სუნამოები, სამკაულები და ტყავის ნაკეთობები.

ამ პირების დასაკავებლად გამოძიება 2019 წელს დაიწყო. მაშინ გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა 2 კანონიერი ქურდი დააკავეს, რომლებიც 200-ზე მეტ ქურდობასა და ყაჩაღობაში მონაწილეობდნენ.