“ფორმულას” ინფორმაციით, გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-ი უსმენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს. ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ საკუთარ თანამშრომლებთან.
“[08.10.20, 13:28:57]: მიღებული ინფორმაციით, მ.წ. 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესაუბრა თანაშემწე, რომელსაც განუცხადა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში სამღვდელოებასთან ჩანიშნული შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით საათ-ნახევარი, მისი ინფორმაციით შეხვედრაზე მიდის მხოლოდ რამდენიმე ელჩი, ამიტომ თავად გეგმავს, რომ შეხვედრას დაესწროს მხოლოდ ნახევარი საათი, შემდეგ მოიმიზეზებს მნიშვნელოვან საქმეს და წამოვა”,– წერია ფაილებში.
გარდა ამისა, მოცემულია საუბარი კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი განიხილავენ პანდემიის პერიოდში საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.
ფორმულას ცნობით, სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ასევე ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. კერძოდ, ელჩი ესაუბრა გიორგი ზვიადაძეს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და სხვა სასულიერო პირების ანტისემიტური განცხადებების შესახებ:
“[30.12.20, 19:11:21]: […] პროტოპრესვიტერი დაუკავშირდა უშუალოდ ელჩს და დეტალურად უამბო ი.გამრეკელთან შემდგარი საუბრის დეტალები. აღნიშნულთან დაკავშირებით რ.გიდორმა განაცხადა – “მამაო მე ბავშვი არ ვარ, წლებია დიპლომატი ვარ, დეტალურად გავეცანი მიტროპოლიტის ქადაგებას, სადაც ნათლად ჩანს ანტისემიტიზმის გამოვლინება, მე ველოდი, რომ ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ მსგავსი არაფერი უხსენებია, მე არჩევანი არ მაქვს და ვაპირებ მომხდარის შესახებ საკმაოდ კრიტიკული წერილის გამოქვეყნებას, სადაც ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკლესია და სახელმწიფო არ გმობენ ი.გამრეკელის ქმედებას”. გ.ზვიადაძემ საუბრისას ელჩის და ებრაელი ხალხის მიმართ გამოხატა პატივისცემა, სთხოვა წერილის გამოქვეყნებისგან დროებით თავის შეკავება და შესთავაზა მ/წ 31 დეკემბერს 14:00 საათისთვის პატრიარქთან შეხვედრა, რაზეც ელჩმა განაცხადა თანხმობა”,– ვკითხულობთ კრებსებში.
გარდა ამისა, სუს–ის მასალებში აშშ-ის ელჩის პირად საუბრებთან დაკავშირებით წერია:
“8 თებერვალს, 10:07 სთ-ზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თანაშემწე, ნინო ნანობაშვილი დაუკავშირდა სასულიერო აკადემიის ლექტორს და პროტოპრესვიტერს, გიორგი ზვიადაძეს, რომელსაც დაუდასტურა, რომ კელი დეგნანის მოადგილე, ელიზაბეტ რუდი, სვანეთის სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება 6 თებერვალს”.
ამასთან, ფაილებში არის სუს-ის თანამშრომლების 2020 წლის თებერვლის მიმოწერა, სადაც “ამერიკელების კონტაქტების” კონტროლზე აყვანას ითხოვენ.
“ამერიკელების კონტაქტები და ვიზიტები საპატრიარქოში აიყვანეთ კონტროლზე, ზვიადაძე აკონტროლეთ!!”– წერია ფაილებში.
ფორმულასვე ინფორმაციით, ფაილებში გაშიფრულია 2020 წლის ოქტომბერში პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომუნიკაცია ესტონეთის ელჩის თანაშემწესთან. ამავე პერიოდში, მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან საპატრიარქოში შეხვედრას ათანხმებდა.