სწორი იქნებოდა ვეტოს გამოყენება, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან – სამადაშვილი

”სწორი იქნებოდა ვეტოს გამოყენება, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან” – ამის შესახებ “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება ვეტოს საკითხს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება მოხდა დაჩქარებული წესით პარლამენტში, სწორი იქნებოდა მას ვეტოს შესაძლებლობა გამოეყენებინა, რითაც შექმნიდა სივრცეს იმისთვის, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით როგორც პარლამენტში, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა კიდევ ერთხელ გააქტიურებულიყო ამ საკითხზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან. ეს ცხადია, არ არის კავშირში იმ პროცესთან, რომელიც მან დააანონსა ახალ წლამდე, მაგრამ მისი მხრიდან ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა დაეხმარებოდა დეპოლარიზაციის თუ მოლაპარაკების პროცესს, რომელიც წამოიწყო. ვნახოთ რა გაგრძელება მოჰყვება ამ პროცესს, ეს მისი ინიციატივა იყო და მასზეა დამოკიდებული როგორ ხედავს ამ პროცესს,“- განაცხადა სამადაშვილმა.