სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა “შეურიგებლობის მანიფესტს” მოაწერეს ხელი

სხვადასხვა პროფესიის საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა შეურიგებლობის მანიფესტს ხელი მოაწერეს. მათ მანიფესტი ვილნიუსის სკვერში გააფორმეს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აპროტესტებენ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ სამართლიან ბრძოლას.

მანიფესტი თანახმად, ხელმომწერები:

  • მოუწოდებენ თითოეულ მოქალაქეს, შემოუერთდნენ სამართლიან ბრძოლას და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს.
    “ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლების წყარო ვართ ჩვენ — ხალხი და სწორედ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება”, – წერია მანიფესტის ტექსტში.
  • მხარს უჭერენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევას, მოუწოდებენ მათ შეინარჩუნონ მტკიცე ერთობა და ყველა მშვიდობიანი და სამართლებრივი საშუალებით დაიცვან საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნება.
  • მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორებს, დაიკავონ მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასაცავად.
  • მოწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს მათ მიერ შექმნილი კრიზისის კრიტიკულობა. გაიაზროს ის, რომ ჩამოშლილ სახელმწიფოს ისინი არ შეეგუებიან.

ერთ-ერთი ხელმომწერი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა. მისი თქმით, დემოკრატიული პროცესებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლა თითოეული მოქალაქის ვალია.

“ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, ეს არის ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, ვინც თვლის, რომ დემოკრატიული განვითარება არის ყველანაირი სიკეთის წინაპირობა, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა მიიღოს. დღეს სხვადასხვა პროფესიის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პროცესში უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებთან არ არის ჩართული ხელს მოაწერს მანიფესტს, რომელიც არის განზრახვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამას არ შევეგუებით და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე”, – ამბობს ქადაგიძე.

ხელმომწერებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მუსიკოსები, ექიმები და სხვები.