”სხვა გზა და ალტერნატივა არ არსებობს” – სამი ოპოზიციური პარტია კოორდინაციაზე შეთანხმდა

სამი ოპოზიციური პარტია : “გირჩი მეტი თავისუფლება” “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებელი”  ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით” კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, “ქართული ოცნების” დამარცხება, ერთიანობის გარეშე რთული იქნება.

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ”გაერთიანების და ერთობლივი მოქმედების გარეშე ამ სისტემის და ამ მონსტრის დამარცხება, ივანიშვილით სათავეში, უკიდურესად რთულია”.

    • “ქვეყანას აქვს არჩევანი გასაკეთებელი, ან მივდივართ დასავლეთისკენ და ევროპისკენ, ან ვრჩებით რუსეთის გავლენის ქვეშ, ამ მოცემულობაში მგონია, რომ ოპოზიციის გაერთიანება ამ საერთო მიზნისკენ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. გაერთიანების, კოორდინაციის და ერთობლივი მოქმედების გარეშე ამ სისტემის და ამ მონსტრის დამარცხება, ივანიშვილით სათავეში, უკიდურესად რთულია, ყველასთან ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ  “დღეს არის ინიციატივის აღების და არა ლოდინის ან გადაბრალების დრო”.

  • “ვინც არ უნდა იყოს, მარტოც რომ ვიყო, მარტოც ვიმუშავებ, დღეს მარტო არ ვარ, მე, ზურას და გიორგის სრული თანხვედრა გვაქვს ამ ეტაპისთვის პოზიციების და ერთად ვიმუშავებთ, ვიმუშავებთ სხვა პარტიებთან, რომ დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში. თუ ჩვენ რაღაცა საერთო ერთობას ამ ეტაპისთვის ვერ ვაკეთებთ განსხვავებული პოზიციების გამო, ეს ამას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ზურგს ვაქცევთ, არ არის ინტერესი ერთმანეთში რას ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, ამ ლაპარაკის შედეგი, რაც არის კონკრეტული საქმე” – ამბობს ელენე ხოშტარია.

”სტრატეგია-აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, ეს სამი პარტია “ნამდვილად დიდ სინერგიას ვნახულობთ ერთმანეთში”.

  • “რომ გვჯეროდეს,  რომ ცალკე აღებულს, ჩვენ შეგვიძლია რომ დავამარცხოთ ეს დიდი პრორუსული ძალა, რომელიც არის ჰიბრიდული ბრძოლის მთავარი იარაღი, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ერთიანობაა გზა. მე იმედი გვაქვს, რომ ამისთვის დროც არის და სხვებიც ნახავენ, რომ სხვა გზა და ალტერნატივა არ არსებობს”  – ამბობს გიორგი ვაშაძე.