ტელეარხი “Дождь” რუსეთში უცხოეთის აგენტ მედიად სცნეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტელეარხი “Дождь” და პორტალი “მნიშვნელოვანი ისტორიები“ უცხო ქვეყნის აგენტი მედიების რეესტრში შეიყვანა.

გარდა ამისა, რეესტრში შეყვანილია შვიდი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ვებგვერზე გუნდის წევრებად არიან მითითებული.

რედაქცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია:

“დაფუძნების დღიდან, ერთი წლის წინ ჩვენ არ დაგვიმალავს მკითხველისგან, რომ დარეგისტრირებულები ვართ საზღვარგარეთ. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ თავისუფლები ვყოფილიყავით და რუსული სახელმწიფო მედიის მსგავსად ხელისუფლების საინფორმაციო მოსამსახურეებად არ გადავქცეულიყავით, რომელიც მაშინ ყეფს, როცა უბრძანებენ. რაც შეეხება თავად უცხოეთის აგენტთა სიას, ამ სიაში უკვე იმდენი კარგი ხალხი და გამომცემლობაა, რომ ამ სიაში არ მოხვედრა  საწყენი იქნებოდა“.

23 ივლისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტი მედიების რეესტრში ლატვიური კომპანია The Insider SIA შეიყვანა, რომელიც ონლაინ გამოცემა The Insider–ის ადმინისტრატორია.

უცხოეთის აგენტმა მედიებმა რუსეთში იურიდიული პირი უნდა დააფუძნონ და იუსტიციის სამინისტროს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ მათი ფინანსების – შემოსავლების და ხარჯების შესახებ, მონაცემები ხელმძღვანელობისა და აუდიტორული შემოწმებების შესახებ. ასეთი მედიის პროდუქცია რუსეთში შესაბამის მარკირებით უნდა გავრცელდეს.

თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მედიასაშუალებამ შეიძლება მრავალმილიონიანი ჯარიმა მიიღოს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი გამოცემა დაიბლოკება.

ფიზიკურმა პირმა, რომელიც უცხოეთის მედია–აგენტად არის აღიარებული, ერთი თვის განმავლობაში რუსეთში იურიდიული პირი უნდა დაარეგისტრიროს, რომელიც ექვს თვეში ერთხელ ვალდებულია ამ ადამიანის საქმიანობისა და მისი ფინანსების შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბაროს. რეგისტრაციისთანავე შეტყობინება უნდა მიიღოს იუსტიციის სამინისტრომ.

“უცხოეთის აგენტებმა“ საკუთარი სტატუსის შესახებ აღნიშვნა ყოველ ინფორმაციასა და მასალაზე უნდა განათავსონ, მათ შორის სოციალურ ქსელებში. დამრღვევებს ჯარიმა ემუქრებათ.