ტექინსპექტირების გავლის განმეორებით დარღვევისთვის 150 ლარით, შემდეგ 300 ლარით დაჯარიმდებით

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება – ტექინსპექტირების გავლის განმეორებით დარღვევისთვის 150 ლარით, შემდეგ 300 ლარით დაჯარიმდებით. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო.

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

თუ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის, ან ტექნიკურინსპექტირებაგაუვლელი მანქანის სხვა პირისთვის გადაცემის გამო დაჯარიმებული ხართ და ამას განმეორებით გააკეთებთ, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე – 300 ლარის ოდენობით. იმავე პრინციპით, თუ სამართალდარღვევა განმეორდა, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით და იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე – 500 ლარით.

იმავე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.