ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების დასასაქმებლად ხელისუფლებას მოლაპარაკებები აქვს საფრანგეთთან,საბერძნეთთან და ისრაელთან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  შრომითი მიგრაციის თაობაზე საქართველოს მოლაპარაკებები აქვს საფრანგეთთან, საბერძნეთთან და ისრაელთან.

მთავრობის წევრების მოსმენისას პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე ტიკარაძემ აღნიშნა მოლაპარაკება მიმდინარეობს კვიპროსთანაც.

„რაც შეეხება ცირკულარულ მიგრაციას, შემდეგი ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს, ეს არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი, თუმცა კვიპროსთანაც მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება. ასევე გერმანიის შემდეგ, ევროპის არაერთი ქვეყნიდან გვქონდა გამოხმაურება და ინტერესი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გერმანიისთვისაც ეს არის ერთ-ერთი პილოტური პროექტი, რადგან 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც მათ მსგავსი პროგრამების განხორციელება შეწყვიტეს განვითარებადი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც გერმანიამ ხელშეკრულება დადო და საკმაოდ, დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ამან საერთაშორისო საზოგადოებაში.

რაც შეეხება ცირკულარული მიგრაციით მოსახლეობის დასაქმებას, აქ ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა გერმანიის მხრიდან, ვინაიდან, ვიცით, რამდენად დიდია გერმანიის ბაზარი და საჭიროება, თუმცა, მთვარი ფაქტორი არის ასაკოვანი ბარიერი, ენის მინიმალური ცოდნა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სხვა მხრივ გერმანულ მხარეს ჩვენთვის შეზღუდვები არ დაუწესებია“, – განაცხადა ტიკარაძემ.