“ტკვილისგან გმინავდა, გარბოდა 20-მდე ბიჭი” – ბოლნისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

წუხელ ბოლნისში 38 წლის კაცი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, 20-მდე ახალგაზრდა კაცს შორის დაპირისპირება ბოლნისის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დაიწყო, რის შემდეგაც 5-6 გასროლის ხმა გაიგეს.

“20-მდე ბიჭი გარბოდა, [დაჭრილი] გმინავდა ტკივილისგან. მერე ჩემი მეუღლე გავაღვიძეთ და მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში. სასწრაფო მოვიდა 20 წუთის შემდეგ. მანქანაში ცოცხალი იყო, მაგრამ რომ გადაიყვანეს, იქ გარდაიცვალა”,– ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი TV პირველთან საუბრისას.

ბოლნისის საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დაჭრილს საავადმყოფოში მიყვანისას არ ჰქონდა პულსი, წნევა, სუნთქვა, თუმცა მას რეამინაციული ღონისძიებები მაინც ჩაუტარდა. მისივე ინფორმაციით, 38 წლის კაცს ტყვია უკანა მხრიდან, ბეჭის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

პოლიცია გარჩევაში მონაწილე პირებს ამ დრომდე ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.