ტრაგედია აშშ–ში: მექსიკის საზღვართან ახლოს, გზაზე მიტოვებლ ტრეილერში 50 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

50-მდე ადამიანის, სავარაუდოდ მიგრანტების ცხედრები იპოვნეს მიტოვებულ სატვირთო მანქანაში ტეხასში, ქალაქ სან–ანტონიოს მახლობლად. ეს არის ყველაზე მაშტაბური ტრაგედია, რომელიც აშშ–ში ადამიანებით ვაჭრობას უკავშირდება.

რამდენიმე გადარჩენილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ადამიანები სითბური დარტყმისა და ხანგრძლივი გადახურებისგან გარდაიცვალნენ. ამ ადგილზე ჰაერის ტემპერატურა ორშაბათს 40 გრადუსი იყო.

სან–ანტონიო ამერიკა–მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს და ადამიანებით მოვაჭრეებისთვის ერთ–ერთ მთავარ სატრანზიტო პუნქტად ითვლება.  სავარაუდოდ ფურგონში მყოფი მიგრანტები ცდილობდნენ აშშ–ს საზღვარი უკანონოდ გადაეკვეთათ.

სან–ანტონიოს პოლიციის უფროსის თქმით, ცხედრები ერთ–ერთმა ადგილობრივმა აღმოაჩინა, რომელიც გვერდით შენობაში მუშაობდა. მან ადამიანების ყვირილი გაიგო, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ და სატვირთო მანქანასთან მივიდა, რომლის კარი შეღებული იყო. შიგნით კი უამრავი ცხედარი აღმოჩნდა.

პოლიციის უფროსი აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავეს, თუმცა მათი როლი მომხდარში ჯერჯერობით უცნობია.

აშშ–ს საემიგრაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლებმა გამოძიება დაიწყეს პოლიციასთან ერთად – “ადამიანების კონტრაბანდის სავარაუდო შემთხვევის“ გამო.

სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, ადგილზე მისულმა მაშველებმა დაადგინეს, რომ სატვირთო მანქანაში არ მუშაობდა კონდიციონერი, ტრეილერის შიგნით კი წყალი არ იყო. “არ ველოდით, რომ ფურგონს გავხსნიდით და ცხედრების გორას ვნახავდით.“– ამბობს ჩარლზ ჰუდი.

“მათ ოჯახები ყავდათ… ამ ნაბიჯზე უკეთესი ცხოვრების ძიებაში წავიდნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა“–ამბობს სან–ანტონიოს მერი რონ ნირენბერგი.

2017 წელს სან–ანტონიოში უკვე მოხდა მსგავსი ისტორია, როცა სუპერმარკეტთან პარკინზე დატოვებულ სატვირთო მანქანაში მიგრანტების ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელთაგან ათი მკვდარი იყო.

ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან სიღატაკისგან და ძალადობისგან თავის დასაღწევად ბევრი არალეგალური მიგრანტი უზარმაზარ თანხებს უხდის ადამიანებით მოვაჭრეებს, რომ აშშ–ს საზღვარზე გადაიყვანოს. ბოლო წლების მანძილზე არაერთი შემთხვევა იყო, როცა მიგრანტები საშიში მოგზაურობისას დაიღუპნენ. თუმცა, დღეს აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობა რეკორდულია. ადამიანების კონტრაბანდასთან დაკავშირებული ასეთი მაშტაბური ტრაგედია აშშ–ში ჯერ არ მომხდარა.