სიმართლე არაა, რომ რუსეთი აპირებს იმპერიის აღდგენას იმპერიულ საზღვრებში – პუტინი ალიევს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისა გამართა და მას უთხრა, რომ რუსეთი არ აპირებს იმპერიის აღდგენას იმპერიულ საზღვრებში. მისი განმარტებით, ეს სპეკულაციაა და არ შეესაბამება სიმართლეს.

“ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რა ხდება უკრაინასთან დაკავშირებით. იცით, რომ რუსეთმა გადაწყვიტა დონბასის ორი სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება. ახლავე მინდა ვთქვა: ჩვენ ვხედავთ და ვიწინასწარმეტყველეთ კიდეც სპეკულაცია ამ თემაზე – რომ რუსეთი აპირებს, აღადგინოს იმპერია იმპერიულ საზღვრებში. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა აღიარა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და მოგეხსენებათ, აქტიურად მუშაობს პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. მწვავე, ძალიან მწვავე სიტუაციებშიც კი, ეს არის, ვთქვათ, მთიანი ყარაბაღის საკითხი, ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვმოქმედებთ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის ვცდილობდით, მიგვეღწია ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებებისთვის”, – თქვა პუტინმა ალიევთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ყაზახეთიდან რუსული ძალების გამოყვანა ადასტურებს, რომ “რუსეთი მხოლოდ მხარს უჭერს მეზობლების სუვერენიტეტს და ყოველმხრივ აძლიერებს მას”.

პუტინის მტკიცებით, სხვა მეზობლებისგან განსხვავებით, უკრაინაში სხვა ვითარებაა და ეს გამოწვეულია იმით, რომ, “სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ტერიტორიას მესამე ქვეყნები იყენებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საფრთხის შესაქმნელად”.