უკანონოდ გაჩხრიკეს ჩემი ხელბარგი, პოლიტიკური დავალება იყო – ნაყოფია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ გუშინ აეროპორტში მისი ბარგი უკანონოდ გაჩხრიკეს.

“აკვირდებოდნენ ჩემს პასპორტს, მიზეზად ასახელებდნენ ტექნიკურ ხარვეზს, რამდენიმეჯერ მივმრთე, რომ იქნებ გაარკვიოთ, რა სახის ტექნიკური ხარვეზია. მერე მოვითხოვე მათ ხელმძღვანელთან შეხვედრა. მოვიდა ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მან ანალოგიურად ამიხსნა, რომ ეს არის ტექნიკური ხარვეზი, რაზეც მე დავუსვი კითხვა, რომ სხვა მგზავრები რატომ გადიან და ხარვეზი რატომ არის დაკავშირებული მხოლოდ ჩემთან, რაზეც მას პასუხი არ ჰქონდა.

შემდეგ განახორციელეს აბსოლუტურად უკანონოდ ჩემი ხელბარგის ჩხრეკა. ეს პოლიტიკური დავალება იყო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს ძალიან მალე გავათავისუფლებთ”,– ამბობს ის ტვ პირველთან საუბრისას.

ნაყოფია უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსულს კი სასაზღვრო პოლიცია 1 საათის განმავლობაში ქვეყანაში არ უშვებდა.