უკვე მრცხვენია, ვინმეს ვაქცინა ვთხოვო საქართველოსთვის – ამერიკაში მცხოვრები ექიმი

“უკვე მრცხვენია ვინმეს ვაქცინა ვთხოვო საქართველოსთვის. აქამდე ვეუბნებოდი არ გვაქვს ვაქცინა, ვიხოცებით, გვიშველეთ–მეთქი”,– წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი, რომელმაც საქართველოს ფაიზერის ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა.

მისი თქმით, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია ინფორმაციაა, რომ ქვეყანაში შემოსული ვაქცინებიდან მოსახლეობამ 10%-ც ვერ აითვისა.

“საოცარი ხალხი ვართ ეს ქართველები.

ვაქცინამ ორი კვირით დააგვიანა შეპირებულზე და ლანძღვით ავიკელით მთავრობა – ჩვენი დახოცვა უნდათ, ან უნიათები არიან – რატო არ შემოაქვთო.

შემოიტანეს ხარისხიანი ვაქცინა (ასტრაზენეკა) – არ ვიცრებით – ცუდი ვაქცინააო, ჩვენი დახოცვა უნდათო ისევ ამ ერთადერთი, მართლაც რომ სამწუხარო პრეცედენტის გამო (და ვუგულებელვყოფთ ათასობით გარდაცვლილს თავად ვირუსისგან). ნაწილმა იმის გამო რომ ერთ ხელზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა მეცნიერულად დაუსაბუთებელი გართულებების ეჭვის გამო დროებით ან ნაწილობრივ შეაჩერეს ეს ვაქცინა და ასევე ვუგულებელვჰყობთ მსოფლიოს ათეულობით წამყვან ქვეყნებს სადაც ჩვეულებრივ გრძელდება ვაქცინაცია ათეულ მილიონბით მოსახლეზე.

შემოიტანეს ფაიზერი – რომლსაც ჯერჯერობით წუნი ვერ დასდეს – მაინც არ ვიცრებთ (და მიზეზს ველოდები სოციალურ მედიაში და ჯერ ვერ ვიპოვე). ამ ფაიზერით აიცრა ზუსტად უკვე ისრაელის დიდი უმეტესობა, და ქვეყანა გაიხსნა, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ პრაქტიკულად”,– წერს მრელაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ საჭიროა საერთო სურათის გაანალიზება და არა ერთეული ფაქტების განზოგადება.