უკრაინამ კურსკის ოლქის დასახლება დაბომბა, არის მსხვერპლი – რუსეთი

კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამტკიცებს, რომ გამთენიისას უკრაინამ დაბობმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლება ტიოტკინო. მისი ცნობით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.

გუბერნატორის ცნობით, დაღუპული წინასწარი ინფორმაციით არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც ალკოჰოლის ქარხანაში ნედლეული მიჰქონდა.

“მტერმა ამ ობიექტს რამდენიმე დარტყმა მიაყენა. არიან დაჭრილებიც. მათ უტარდებათ პირველადი დახმარება. სოფელში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დაზიანდა რამდენიმე სახლი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია აუფეთქებელ ჭურვებზე. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. ჩვენ გავუწევთ ყველა საჭირო დახმარებას ყველა დაზარალებულ ოჯახს. ახლა მივდივარ რაიონში”,– დაწერა მან ტელეგრამზე.

უკრაინულ მხარეს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.