უკრაინამ საჰაერო სივრცის დასაცავად საფრანგეთისგან Crotale–ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიიღო.

ცოტა ხნის წინ, კიევმა საფრანგეთიდან მიიღო ორი Crotale–ის სარაკეტო სისტემა საჰაერო თავდაცვისთვის და ორი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები (LRU) სახმელეთო შეტევისთვის, განუცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ფრანგულ არხს BFMTV.

მინისტრის თქმით, უკრაინის არმია რადარებსაც ითხოვს. ეს მოთხოვნა ამჟამად “მოლოდინის რეჟიმშია”.

ლეკორნუმ აღნიშნა, რომ საფრანგეთის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა მხარდაჭერის ფონდს 200 მილიონი ევროს ოდენობით, რაც უკრაინელებს საშუალებას მისცემს შეუკვეთონ მათთვის საჭირო აღჭურვილობა საფრანგეთის თავდაცვის ინდუსტრიას და უზრუნველყონ მიწოდებული სისტემების მოვლა.

ამ დახმარების გარდა, საფრანგეთმა გადაწყვიტა უკრაინელი სამხედროების მომზადება.

“ჩვენი ამოცანა, დასაწყისისთვის, არის დავეხმაროთ 2000 ადამიანს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 15000-დან. 400 უკრაინელ სამხედროს უკვე გავლილი აქვს წვრთნა, განსაკუთრებით იმ აღჭურვილობაზე, რომელსაც ჩვენ ვაწვდით”, – განაცხადა მინისტრმა.

ლეკორნუმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი შეუერთდება უკრაინის სამხედრო აღჭურვილობის სერვის ცენტრის მუშაობას სლოვაკეთში, რომლის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს ერთობლივი ფრანკო-გერმანული თავდაცვის ინდუსტრიის ასოციაცია KNDS. ის რამდენიმე კვირაში უნდა ამოქმედდეს. მისი ამოცანა იქნება სამხედრო მანქანების, მათ შორის PzH 2000 თვითმავალი ჰაუბიცის, ცეზარის თვითმავალი არტილერიის, Gepard-ის საზენიტო სისტემების და დინგოს ჯავშანტრანსპორტიორების სწრაფი ტექნიკური მომსახურება და შეკეთება.

მინისტრი ირწმუნება, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. მისი თქმით, იარაღის მიწოდება, რომლის ღირებულებამ ამ დროისთვის 550 მილიონ ევროს მიაღწია, გაგრძელდება.

“ჩვენი სამხედრო დახმარებით  ჯამში ჩვენ ვართ ხუთეულში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი 550 მილიონი ევროთი 3 მილიარდი ევროდან”, – თქვა ლეკორნუმ.