უკრაინას შეუძლია მთავარ სამხედრო მიზნებს ზამთრის დადგომამდე მიაღწიოს–პენტაგონი

უკრაინას შეუძლია მთავარ სამხედრო მიზნებს ზამთრის დადგომამდე მიაღწიოს და ოკუპანტებთან ბრძოლაში საკუთარი პოზიციები გაიმყაროს. ამის შესახებ პენტაგონის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების კურატორმა, სელესტ უოლანდერმა განაცხადა.

მან აღნიშნა უკრაინის მიერ ხერსონის ოლქში გამოჩენილი ძალისხმევა, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის და დონეცკის ოლქებში მიღწეული წარმატება.

“უკრაინა ახლა როგორც ჩანს, მისი სამი მიზნის მიღწევის გზაზე წარმატებულად მიდის. უკრაინის მიზანი რუსული პლაცდარმის განდევნაა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ხერსონის ოლქში“– უთხრა მან ინტერვიუში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრს.

უოლანდერის თქმით, ეს რუსეთის დიდი მარცხი იქნება, რადგან კრემლის ამბიციებს, დაიპყროს ოდესა, დიდ ბარიერებს შეუქმნის, უკრაინას კი ბევრად უკეთეს თავდაცვით პოზიციაში ჩააყენებს, რომ ზამთრის მანძილზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო შენელება წარმატებით გადაიტანოს.

უოლანდერი აღნიშნავს, რომ სამხრეთით მიმდინარე შეტევა იმ ტაქტიკის ასახვაა, რამაც კიევს დიდი წარმატებები მოუტანა სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა სწრაფად აიღეს ტერიტორიები,მრავალრიცხოვანი რუსული ძალები მომარაგების წყაროს მოწყვიტეს და უკანდახევა აიძულეს.

უოლანდერი აღნიშნავს, რომ პარასკევს უკრაინელების მიერ ლიმანის გათავისუფლება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსების უნარზე, შეავსონ მარაგები და ჯარი ფრონტის ხაზის გასწვრივ გადააადგილონ.