უკრაინაში დამარცხების შემდეგ პუტინს მცირე გამარჯვება დაჭირდება. საქართველო თავდასხმის ყველაზე რეალური კანდიდატია– შეიტელმანი

პოლიტტექნოლოგი მიხეილ შეიტელმანი უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას ამბობს, რომ უკრაინაში მარცხის შემდეგ პუტინს სადმე პატარა გამარჯვება დაჭირდება ამ მარცხის გადასაფარად. პოლიტტექნოლოგის აზრით ყველაზე რეალური კანდიდატი, ვისაც რუსეთი შეიძლება თავს დაესხას საქართველოა.

შეიტელმანი იხსენებს რუსი ჟურნალისტის, პუბლიცისტის და რეჟისორის, ალექსანდრ ნევზოროვის ერთი  წლის წინანდელ ვიდეო ბლოგს, რომელშიც მან უკრაინაში რუსეთის შეჭრა იწინასწარმეტყველა, ასევე იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება, შემდეგ კი, როცა მიხვდება, რომ წააგო,  რომელიმე სხვა ქვეყანას დაესხმება თავს.

შეიტელმანი ამბობს, რომ ეს პროგნოზი რეალისტურად გამოიყურება. მისი თქმით, რუსეთი აპირებდა ლიეტუვაზე თავდასხმას, როცა ამ ქვეყანასთან კრიზისი ქონდა. მაშინ რუსეთი ლიეტუვის საზღვართან გარკვეული ოპერაციის ჩატარებასაც აპირებდა და ბელორუსის არმიაც გადააადგილა ლიეტუვის მიმართულებით.

“მათ ქონდათ ეს იდეა, მინიმუმ პროვოკაციის მოწყობის იდეა. აპირებდნენ ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. თუ აღიარებას უკან გამოიწვევ, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აღარ აღიარებ, რაღაც ტერიტორიად თვლი, რომელსაც შეგიძლია თავს დაესხა. ამას მნიშვნელოვანი შედეგები ექნებოდა. თუმცა რაღაც მომენტში გადაიფიქრეს. იმიტომ რომ ლიეტუვა ნატოს განაპირა ქვეყანაა.

მოდით, ვნახოთ ვის შეიძლება დაესხას რუსეთი თავს.  ჩემი აზრით ყაზახეთმა უკვე დაამტკიცა, რომ ის რუსული არმიის წვდომის არეალში აღარ არის. როცა იანვარში რუსეთმა იქ ჯარი შეიყვანა “ოდეკაბეს“ ფარგლებში, ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტმა ტოკაევმა თქვა, თუ შეიძლება გაიყვანეთ ჯარი და რუსეთმა გაიყვანა ერთ კვირაში. არადა, რუსეთის ხელმძღვანელობას გაცხადებული ქონდა, რომ იქ ჯარი დიდი ხნით შეიყვანეს. თუმცა, უცებ გაქრნენ ყაზახეთიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ერთი ზარი საკმარისია, რომ ისინი ყაზახეთიდან გასულიყვნენ, იმიტომ რომ გასაგებია ვინ აკონტროლებს ყაზახეთს უსაფრთხოების თვალსაზრისით და არვითარი აზრი ჩინეთთან კონკურენციაზე, პუტინს თავშიც აზრადაც არ მოუვა,იმიტომ რომ ის ბევრად სუსტია ჩინეთზე.

არც ისე ბევრი კანდიდატი დარჩა. ფინეთს თავს ვეღარ დაესხმება, ნატოს წევრია. უკრაინას უკვე დაესხა თავს. მოლოდავზე თავდასხმას ცდილობდა, როგორც ვნახეთ, ოთხი თვის წინ მათი რეალისტური გეგმა იყო მოლდოვაზე თავდასხმა. და მხოლოდ იმან, რომ უკრაინამ კრეისერ მოსკოვის ჩაძირვა შეძლო, გადაარჩინა მოლდოვა თავდასხმისგან. იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციას მოუსპო დესანტის გადასხმის და მანევრირების შანსები.

მოდით, შევხედოთ რუსეთის საზღვრებს. რაც მათ არ ესაზღვრებათ, იმას ხომ არ დაესხმებიან თავს, მაგალითად სომალის? რჩება არც ისე ბევრი ვარიანტი. რჩება საქართველო, რეალურ კანდიდატებს შორის. სომხეთს დაესხმებოდნენ თავს, მაგრამ მასთან საზღვარი არ აქვთ. სომხეთის დაპყრობა ადვილი იქნებოდა, აზერბაიჯანისგან უკვე გატეხილები არიან. აზერბაიჯანზე თავდასხმასაც ცდიდნენ, მაგრამ იქ თურქეთის ჯარი დგას, პირდაპირ, ფიზიკურად. ფორმალურად არა, მაგრამ აზერბაიჯანის და თურქეთის არმიები ფაქტიურად გაერთიანებულია. ამიტომაც ეს თურქეთთან ომი იქნება, რაც არარეალისტურია. ყაზახეთი კი რუსეთისგან იფარავს მთელ შუა აზიას. მონღოლეთს თავს ვერ დაესხმები. საქართველოს გარდა სხვა კანდიდატი აღარ რჩება. ვერ მოვიფიქრე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს დაესხმებიან თავს.

საქართველოში, 2008 წლის ომის შემდეგ   და სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მგონი არც არმია გაუძლიერებიათ, ხელისუფლება გარკვეულწილად პრორუსულია, და გასაგებია, რომ ეს არ იქნება ისეთი ომი, როგორც უკრაინასთან. ეს მართლაც რუსეთის ადვილი გამარჯვება იქნება. თუ მაგალითად იტყვიან, რომ  აი, აჭარამ გადაწყვიტა საქართველოდან გამოყოფა ან რაღაც ამდაგვარი, თბილისს ალბათ არ აიღებენ, მაგრამ იტყვიან, რომ მოხდა პროვოკაცია, და საქართველოს კიდევ რამე ტერიტორიას წაართმევენ, იმიტომ რომ პუტინს რამენაირი, თუნდაც რამენაირი გამარჯვება მაინც ჭირდება, რომ გადაფაროს ის, რაც უკრაინაში ხდება. როცა რუსული ჯარი ხერსონიდან გაიქცევა, და ხომ ვიცით, რომ ეს გარდაუვალია, აუცილებლად გაიქცევიან, ეს ყველაფერი რამით უნდა გადაფარონ?“– ამბობს პოლიტტექნოლოგი.