უკრაინელებმა რუსულ რაკეტებს ცრუ სამიზნეები– HIMARS–ის ხის მულაჟები დააბომბინეს – The Washington Post

ამერიკული გამოცემა The Washington Post წერს, რომ უკრაინელებმა რუსები მოატყუეს და ცრუ სამიზნეებზე, მინიმუმ ათი ფრთოსანი რაკეტა დაახარჯინეს. გამოცემის ინფორმაციით უკრაინელებმა შექმნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS–ის ხის მულაჟები, რომლებსაც ნამდვილისგან ვერ გაარჩევ. უკრაინელებმა სატყუარა HIMARS–ები            სხვადასხვა ადგილებზე განალაგეს. რუსულმა მზვერვმა დრონებმა ისინი ნამდვილ სამიზნეებად ჩათვალეს, რის შეგედაგაც რუსებმა მინიმუმ 10 “კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტა ტყუილად დახარჯეს.

ამის შესახებ The Washington Post მაღალჩინოსან ამერიკელ წყაროზე და უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

HIMARS-ის უკრაინული მულაჟები ხისგან არის გაკეთებული და მათ ნადვილი ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემისგან ვიზუალურად ვერ გაარჩევ, ყოველ შემთხვევაში ამას ვერ ახერხებენ რუსების უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც დაზვერვის მონაცემებს და აღმოჩენილი სამიზნეების ადგილმდებარეობას შავ ზღვაში განლაგებულ რაკეტმზიდებს გადასცემენ.

“როცა უპილოტო საფრენი აპარატი მულაჟს ხედავს, ის ძალიან გავს VIP სამიზნეს“– ამბობს მაღალჩინოსანი უკრაინელი.

უკრაინაში HIMARS-ების  გამოჩენის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელებმა ასეთი სატყუარების საშუალებით მინიმუმ ათი ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი“ გაახარჯინეს, რამაც სამხედრო მეთაურობას გადააწყვეტინა, უფრო მეტი ასეთი “სამიზნე“ დაამზადოს.

შესაძლოა სწორედ ამ სამიზნეებს გულისხმობდა რუსეთი, როცა სიხარულით იუწყებოდა, რომ ამერიკული HIMARS–ები გაანადგურეს.

“ისინი ამტკიცებენ, რომ იმაზე მეტი HIMARS გაანადგურეს, ვიდრე სინამდვილეში ჩვენ უკრაინაში გავგზავნეთ“ –– ამბობს  ერთ–ერთი ამერიკელი დიპლომატი.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი წარმატებული ფანდის შემდეგ HIMARS–ების ხის ასლების წარმოება გაიზარდა.

ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი“ მაღალი მანევრულობით გამოირჩევა და აქვს დაბალ სიმაღლეზე ფრენის უნარი, რაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მხრიდან მის განეიტრალებას ართულებს.

რუსულ არმიას ეს რაკეტები შეიარაღებაში 2012 წლიდან აქვს. მათი სიგრძე 6.2–დან 8.2 მეტრამდეა. წონა – 1200–დან 2300 კგ–მდე.

მოდიფიკაციდან გამომდინარე “კალიბრის“ რაკეტებს ობიექტების განადგურება 2500 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლიათ.

პირველად რუსებმა ეს რაკეტა 2015 წელს გამოიყენეს კასპიის ზღვიან სირიის სამიზნეების მიმართულებით.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ “კალიბრის“ რაკეტებს რუსები ხშირად იყენებენ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ.

სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით “კალიბრის“ ერთი ფრთოსანი რაკეტა მოდიფიკაციიდან გამომდინარე  სხვადასხვა შეფასებით დაახლოებით 1– 6.5 მილიონი დოლარი ღირს.