უკრაინელებმა ხარკოვში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ხარკოვში უკრაინულმა ჯარებმა  შეტევის შედეგად გაათავისუფლა სოფელი დემენტიევკა.

მათი ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებასა და უკრაინული ჯარების ნაწილების დაბომბვაზე, ასევე, რუსები დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით კონტრშეტევას ცდილობდნენ.

გენშტაბი იტყობინება, რომ ოკუპანტები არტილერიის მხარდაჭერით იბრძოდნენ დოვგენკის მიდამოებში, წარმატებას ვერ მიაღწიეს და დანაკარგები განიცადეს.

ასევე, დონეცკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა უკრაინელების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს იარაღის მთელი სპექტრიდან, მათ შორის თვითმფრინავით.

“სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა უშედეგოდ ჩაატარა თავდასხმითი ოპერაციები ნიჟნეს დასახლების მიდამოებში.

ბახმუტის მიმართულებით მტერი ახორციელებს შეტევით მოქმედებებს ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მან ჩაატარა თავდასხმითი ოპერაციები კატერინივკას დასახლების მიდამოში – წარუმატებლად.

ავდიივკას მიმართულებით მტერმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ნოვოსელივკას დასახლების მიდამოში, განიცადა ზარალი და უკან დაიხია. რუსი ოკუპანტების თავდასხმები ნოვობახმუტივკასა და ვესელეს დასახლებებთანაც წარუმატებელი აღმოჩნდა”,– წერია გენშტაბის განცხადებაში.