უკრაინის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ შენელდა ხერსონში უკრაინელების კონტრშეტევა

უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა ხერსონში წვიმების გამო შენელდა. წვიმა სამხედროების მუშაობას ხელს უშლის. ამის შესახებ Fox News–ის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, უკრაინელი სამხედროები მაინც წინ მიიწევენ და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას განაგრძობენ.

“ამ მომენტში ამინდის გამო, ვგულისხმობ წვიმებს, კონტრშეტევა ოდნავ შენელდა. მაგრამ ჩვენ ისევ ვიყენებთ ნაბიჯ–ნაბიჯ ჩვენი დასახლებული პუნქტების გათავისუფლების ტაქტიკას და გავაგრძელებთ ამის კეთებას.“– თქვა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში უკვე 90 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია მოახერხეს.

კონტრშეტევა ხერსონის ოლქში უკრაინულმა ძალებმა აგვისტოში დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები ხერსონიდან გაქცევისთვის ემზადებიან.

რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ ხერსონში დნეპრზე არსებულ ყველა ხიდს, ამიტომაც ოკუპანტები ქალაქის დატოვებას ვერ მოახერხებენ ისე, როგორც ეს იზიუმში მოხდა. მისი თქმით, ოკუპანტების სიცოცხლისთვის საშიშია ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა.

მინისტრის თქმით, რუსებს უკანდასახევი გზები მოჭრილი აქვთ.