უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში კონტრშეტევა დაიწყეს. ხერსონში რუსული ქვედანაყოფები ფრონტიდან გარბიან

რუსეთის შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი უკრაინის არმიის შეტევის შედეგად ხერსონში დაკავებული პოზიციიდან გარბის.

ამის შესახებ ინფორმაციას შეიარაღებული ძალების ოპერატიული დაჯგუფება “კახოვკა“ ავრცელებს.

საქმე ეხება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109–ე პოლკ,ს რომელმაც საკუთარი პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებს, რომლებიც მათ ამაგრებდნენ, თუმცა ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ–ერთი ოკუპანტი ჩივის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და რუსების პოზიციებს ტანკებით, არტილერიით და ავიაციით ბომბავენ.

“სიტუაცია დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში უკიდურესად რთულია. უზარმაზარმა და საშინელმა ჰაიმარსებმა პრაქტიკულად ყველა მსხვილი ხიდი გაანადგურეს. დარჩა მხოლოდ საფეხმავლო გადასასვლელები. რუსული არმია მოწყვეტილი ამოჩნდა იარაღის მომარაგებისა და პირადი შემადგენლობის შევსებისგან ყირიმის ტერიტორიიდან. უკრაინისთვის ეს ბრწყინვალე შანსია საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნეს“– ასეთ კომენტარს აკეთებს ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ოპერატიული დაჯგუფება “კახოვკა“.

მანვე გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ჩანს, ზუსტად სად მოხერხდა მტრის ლოჯისტიკის განადგურება.

მოგვიანებით ბრძოლის ველიდან რუსული ქვედანაყოფების გაქცევის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების პრეს–ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა. მან თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთით ბევრი მიმართულებით შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.