უკრაინულმა ძალებმა დონეცკში და ხერსონის ოლქში რუსების შეტევა მოიგერიეს–უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში ნათქვამია რომ ბოლო დღეღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის არმიის რამდენიმე შეტევის მოგერიება დონეცკის და ხერსონის ოლქებში.

გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში რუსული ძალები შეტევას ახორციელებდნენ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ბახმუტისა და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის მიმართულებებით, თუმცა მათ წარმატება ვერ მოიპოვეს და უკან დაიხიეს. გარდა ამისა, რუსულმა არმიამ შეტევა სცადა ავდეევკის მიმართულებით, თუმცა გენშტაბის ინორმაციით ის უკუაგდეს.
“დონეცკ–პესკის და ნოვოსელოვკა–ალექსანდროპოლის მიმართულებებით საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“– აცხადებს გენშტაბი.

რუსეთის არმიის შეტევა ასევე მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზვრის სიახლოვეს, ივანო–დარევკის დასახლებულ პუნქტთან. აქ ბრძოლები გრძელდება.

ხერსონის ოლქში რუსმა სამხედროებმა სცადეს შეტევითი ბრძოლის წამოწყება დასახლებული პუნქტების – სუხო სტავოკისა და ლოზოვოეს მიმართულებით, ნიკოლაევსკის ოლქის საზღვართან, თუმცა აქაც მარცხი განიცადეს და უკან დაიხიეს – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.