უმრავლესობის აზრი ემთხვევა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისა და საერთაშორისო პარტნიორების აზრი ერთმანეთს ემთხვევა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევეხეთ. უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა. ესაა ის, რომ ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი”,– ამბობს მდინარაძე.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნება მზადაა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს.

“ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ანუ იქ, სადაც ვიყავით ჩვენ არსად წავსულვართ. მზად ვართ, ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და არ იყოს შეფერხება ვინმეს პროვოკაციული მოქმედებების გამო. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური და დემოკრატიული განვითარება ქვეყანამ განაგრძოს”, – აღნიშნა მდინარაძემ.