გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები და გმირობა, რომელიც ახალგაზრდებმა ჩაიდინეს – გახარია 13 ივნისზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, დაღუპულებთან ერთად იმ ახალგაზრდების გმირობაც უნდა გვახსოვდეს, რომელიც სულ მალე საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს.

„პირველ რიგში, 2015 წლის 13 ივნისიდან 5 წელი გავიდა უკვე, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. რა თქმა უნდა , პირველ რიგში უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს. მაგრამ ყველაფერთან ეს იყო დიდი ერთიანობის დღე, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს, ერთსულოვნების, ერთმანეთზე ზრუნვის, უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები და ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფო, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები. იმედი მაქვს ეს ის ახალგაზრდობაა, რომელიც სულ მალე საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს 13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა