უნდა ველოდოთ აშშ-ის მეტ ჩართულობას საქართველოსთან მიმართებაში – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას მას “ძალიან მნიშვნელოვანს” უწოდებს. მისი თქმით, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში უფრო მეტ ჩართულობას უნდა ველოდოთ.

“ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მტკიცეა და კიდევ უფრო გაღრმავდება. რასაკვირველია, ნატოსა და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრირება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაძნელდება და ამ მხრივაც, მომავალშიც, ისევე როგორც მანამდე, გაგრძელდება ურთიერთობა. ამ ვიზიტიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა ველოდოთ აშშ-ის მეტ ჩართულობას საქართველოსთან მიმართებაში და ეს იქნება გამოხატული ყველა იმ პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებასა და გაღრმავებაში, რაც უკვე გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ამ ადმინისტრაციასთან ჩვენი თანამშრომლობა იყო ძალიან ნაყოფიერი და ეს მომავალ ადმინისტრაციასთანაც გაგრძელდება” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.