უნიკალური ოპერაცია: კიევში ექიმებმა დაჭრილი ჯარისკაცის გულიდან ტყვია ამოიღეს

კიევის “ფეოფანიის“ საავადმყოფოში ექიმებმა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცის, ვლადიმირ გორდიენკოს გულიდან ტყვია ამოიღეს. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წერს.

20 წლის უკრაინელი სამხედრო რუსების ტყვეობიდან გაქცევისას დაიჭრა. ის მოწინააღმდეგემ ტყვედ ჩაიგდო და აწამა, თუმცა მეგობართან ერთად გაქცევა შეძლო. ავტომობილის დაცხრილვისას ის დაიჭრა, შემდეგ კი გულში ტყვიით და პნევმოჰომოთორაქსით (პლევრის ღრუში გაზის და სისხლის დაგროვება) ორი დღე იარა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მას პირველადი დახმარება ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოკვლევისას ექიმებმა პაციენტის გულში უცხო სხეული აღმოაჩინეს, ამიტომაც კიევში, ფეოფანიის საავამდყოფოს ინოვაციური კარდიოქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.

ვლადიმირ გორდიენკოს გულიდან ამოღებული ტყვიის ფრაგმენტი

კიეველმა ქირურგებმა ტყვიიის ფრაგმენტი მარცხენა პარკუჭის კედელში აღმოაჩინეს. ნახევარი მილიმეტრიღა იყო დარჩენილი, რომ ის ორგანოს ღრუში მოხვედრილიყო, რაც ნახვრეტს, ინსულტს ან კიდურების დაკარგვას გამოიწვევდა. ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც 5 საათს გრძელდებოდა. თან ისე, რომ პაციენტის  გული არ გაუჩერებიათ. მის უწვეტ მუშაობას სპეციალური სტაბილიზატორები უზრუნველყოფდნენ.

ქირურგიული ჩარევიდან რამდენიმე საათში ვლადიმირ გორდიენკომ ლაპარაკი შეძლო, მეორე დღეს კი სიარული. ექიმებმა ის უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან, თუმცა კვლავ მეთვალყურეობას უწევენ.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო რთული ოპერაციის მონაწილე ყველა ექიმს მადლობას უხდის.