უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს.

სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით მდებარეობს. ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე კომპანია Millhouse Views LLC, რომელიც აბრამოვიჩის სანვესტიციო ჰოლდინგს ეკუთვნის, მის თავიდან მოშორებას და გაყიდვას ცდილობდა, თუმცა პორტუგალიის საბანკო კორპორაციამ Caixa Geral de Depósitos –მა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 25 მარტიდან საკუთრების რეგისტრაცია პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით გაიყინა.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე დიდმა ბრიტანეთმა სანქციები შემოიღო აბრამოვიჩის წინააღმდეგ. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბიზნესმენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ბრიტანეთის ტერიტორიაზე მისი აქტივები გაყინა, მათ შორის საფეხბურთო კლუბი ჩელსი და მრავალმილიონიანი უძრავი ქონების ობიექტები. მიზეზი – მილიარდერის პუტინთან სიახლოვეა, ასევე მოგება, რომელსაც ის ამ კავშირით ნახულობდა. მოგვიანებით აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს ევროკავშირმა და შვეიცარიამ.

აპრილის შუა რიცხვებიდან კი კუნძულ ჯერსის ხელისუფლებამ, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ოფშორია, აბრამოვიჩის 7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაყინა, რაც ოლიგარქის ქონების თითქმის ნახევარს შეადგენს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე დააპატიმრა 12 ვილა და აპარტამენტი, რომელიც რუს ოლიგარქ აბრამოვიჩს ეკუთვნის.

ის ასევე იძულებული გახდა საკუთარი იახტები თურქეთში გადამალოს, რადგან ნებისმიერ ევროპული პორტში ისინი შეიძლება დააპატიმრონ.