ქვეყნის გარე და შიდა მტრებს სპეკულირების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ – გახარია გაბუნიას საქმეზე

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, გიორგი გაბუნიას საქმეზე უწყებამ დროულად უნდა გასცეს პასუხი, რათა ეს ამბავი “ქვეყნის გარეთ და შიგნით არსებულმა მტრებმა” პოლიტიკური ინტერესებისთვის არ გამოიყენონ.

მისივე თქმით, სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობაა, რომ კონკრეტულ ადამიანს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

“რამდენიმე რამეა მნიშვნელოვანი და მინდა ასე ჩამოვთვალოთ ყველაფერი. პირველი — საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა მძიმე დანაშაული, ეს ფაქტია. მეორე — საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არაფერი არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა. ეს ყველაფერთან ერთად არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი.

მესამე — კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე პასუხი. იმითვის, რომ ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის გარეთ, როგორც თქვენ ბრძანეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების საშუალება, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე”, — განაცხადა გახარიამ.

15 ივნისს მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე საქართველოში გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. გვარამიასვე ცნობით, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.