უფრო ლოგიკური და უპრიანი იქნება შეზღუდვები პანდემიის დასრულებამდე გაგრძელდეს – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ინიციატივით გამოდის, საგანგებოს გარეშე შეზღუდვები არა 2021 წლის პირველ იანვრამდე, არამედ პანდემიის დამთავრებამდე გაგრძელდეს.

მისი თქმით, ეს უფრო ლოგიკური და უპრიანი იქნება, რადგან ვირუსი თუ აფეთქდება, “მერე გვიანი იქნება თითზე კბენა”.

“ჩვენ ვხედავთ რა სიტუაცია არის ამ რეგიონში და გამოვიყურებით გამორჩეულად ყველასგან. ეს მოიტანა ამ სიფრთხილემ. თუ ვამბობთ, რომ ეს არის ჩვენი უხილავი მტერი, აქ იარაღი და თოფი უნდა იყოს ბოლომდე გატენილი და არა მერე დაიწყო ტყვიის ძებნა. თავის დაზღვევა ამ შემთხვევაში აუცილებელია. მხოლოდ ერთი რამ ვერ გავიგე, რატომ იანვრამდე და რატომ არა პანდემიის დასრულებამდე და იქამდე სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გააუქმეს პანდემიას. გაცილებით ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში დაზღვევის მიზნით, გაგრძელდეს პანდემიის გაუქმებამდე. ეს იქნება გაცილებით უპრიანი. შეიძლება ადრეც მორჩეს. 2 თვეში შეიძლება საერთოდ გაქრეს და იანვრამდე რატომ უნდა დარჩეს შეზღუდვები?! ეს ვირუსი თუ აფეთქდა პარტიებსაც წაიღებს, პოლიტიკასაც წაიღებს და მერე გვიანი იქნება თითზე კბენა“,- განაცხადა ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს ამ წუთებში პარლამენტი განიხილავს. მას გამარტივებული წესით იხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სესიაზე, კენჭისყრისას საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.