უცხოელებს არ უნდა ვთხოვოთ ჩვენი განძის დაცვა, საქართველო გარეთ იყოს! – ჩარკვიანი

პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ხელოვნების მუზეუმის საკითხზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტში დაბარებას ითხოვს.

ჩარკვიანი მოუწოდებს კულტურის წარმომადგენლებს, პროტესტი გამოთქვან.

“საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფოდ დავიბაროთ და მოვიყვანოთ ეს ყურცქვიტა, ბუჩქის ძირას ამოსული, უკულტურო მინისტრი. მიკროფონის მომპარავს ოქროს ფონდი არ შეუძლია რომ მოიპაროს? ჟურნალისტებს სიტყვა მოპარეს 5 ივლისს და ის ხალხი ოქროს ფონდს არ გაანადგურებს? საქართველო გარეთ იყოს! მე ბიძინა ივანიშვილის გასაძარცვი ქვეყანა არა მაქვს და უცხოელებს არ უნდა ვთხოვოთ ჩვენი განძის დაცვა. ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ – ხელოვნებათამცოდნეები, მხატვრები, მუსიკოსები, კულტურის წარმომადგენლები. სირცხვილი არ არის?! ხელფასში გაცვალეთ სამშობლო?”,– ამბობს ის ტვ პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობა შეცვალა და ახალი დირექციის დახმარებით, მუზეუმის კოლექციების ევაკუაციას გეგმავს. მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე, რომელიც ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს, ამბობს, რომ არ არსებობს კოლექციის გადატანის გეგმა, რის გამოც სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.