“უხერხულია” – გამყრელიძე განმარტავს, რატომ უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კარანტინში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გაშვება უხერხული საკითხია. მისი განმარტებით, ამ დიფერენცირების მიზეზი ის არის, რომ ქართველები, უცხოელებისგან განსხვავებით, თვითიზოლაციის წესს არ იცავენ.

“ვიცი, რომ არის  ამ დიფერენცირებაში უხერხული, სერიოზული მომენტი და ამაზე ვმუშაობთ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ რეგულაციის გადახედვაზე. მაგრამ პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო. თვითიზოლაციაში სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა იყო ჩვენს თანამემამულეებში, უცხოელებში არცერთი დარღვევა არ ყოფილა, გამიგეთ?! არცერთი დარღვევა!”,– ამბობს გამყრელიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, როდესაც ქართველი საქართველოში ჩამოდის და სანათესაოს ნახულობს, ინფიცირების რისკი მეტია, ვიდრე ტურისტის შემთხვევაში.

“მოგეხსენებათ გერმანელი, ფრანგი ან ბალტიისპირელი ტურისტად რომ შემოდის, მას განსაზღვრული აქვს თავისი მარშრუტი. შეხვედრები არ არის დიდი. მობილობა და მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან არ არის დიდი. საბედნიეროდ, რაც ეს მწვანე კორიდორები გაიხსნა, არცერთი შემოტანილი ინფექციის შემთხვევა არ ყოფილა. მე ქართველი, რომელიც ვცხოვრობ გერმანიაში, რა თქმა უნდა, მთელ ჩემს სანათესაოსთან მივდივარ, ანუ რისკი ინფიცირებისა მეტია”,– თქვა გამყრელიძე.

მანვე აღნიშნა, რომ “ამის მოვლა სხვანაირადაც შეიძლება, როდესაც გაფართოებული გვაქვს ტესტირება”, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და “ეს უხერხული საკითხი უნდა გადაწყდეს”.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ 12-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, ხოლო ტურისტები მხოლოდ PCR ტესტებს იკეთებენ.