“ფარული ჩანაწერების გავრცელების მსხვერპლთა უმეტესობა პოლიტიკურად აქტიური ქალია” – DRI ანა დოლიძის საქმეზე

“ფარული ჩანაწერების გავრცელების მსხვერპლთა უმეტესობა პოლიტიკურად აქტიური ქალია” – ასე ეხმაურება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იწერდნენ, მათ შორისანა დოლიძის. ორგანიზაციაში, საქმის გენდერულ მხარეზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებისა, ან გავრცელების მუქარის მსხვერპლები, ხშირად, პოლიტიკურად აქტიური ქალები არიან.

“არსებული გენდერული სტერეოტიპების გამო, ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ასეთი საფრთხის წინაშე. გასული წლების განმავლობაში არაერთი პირი გახდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ან გავრცელების მუქარის მსხვერპლი, თუმცა ამ დრომდე ჩანაწერების სავარაუდო გამავრცელებლები არ არიან იდენტიფიცირებულები და საზოგადოებას არ მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ სავარაუდო მსხვერპლთა უმრავლესობა პოლიტიკურად აქტიური ქალები იყვნენ”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.