ფაშინიანის პრემიერის პოსტზე არჩევას სომხეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საგანგებო სხდომაზე სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერმინისტრის პოსტზე მხარი არ დაუჭირეს

სომხური Civilnet-ის ცნობით, ფაშინიანის კანდიდატურას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგი წავიდა, 75-მა კი – კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ პარტიების “აყვავებული სომხეთისა” და “გაბრწყინებული სომხეთის” წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კენჭისყრის პირველი რაუნდის შედეგები იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცესი დაიწყო. კერძოდ, თუკი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კენჭისყრის მეორე რაუნდშიც არ აირჩევენ, რომელიც ერთ კვირაშია დაგეგმილი, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიკო ფაშინიანის კანდიდატურა ფრაქციამ “ჩემი ნაბიჯი” წარადგინა. “ჩემი ნაბიჯის” ფრაქციის ლიდერმა, ლილიტ მაკუნცმა განაცხადა, რომ ისინი ხმის მიცემისგან თავს შეიკავებენ, რათა “ეროვნული ასამბლეა დაშალონ და რიგგარეშე არჩევნები გახდეს შესაძლებელი”.