ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებაზე შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში” სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

„აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.