ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს დაურეკა და უთხრა, რომ ფინეთი ნატოში შედის

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც შეატყობინა, რომ ფინეთი რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას ნატოს წევრობაზე განაცხადის შეტანის შესახებ. სატელეფონო საუბარი ფინური მხარის ინიციატივით შედგა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაშია ნათქვამი.

ნიინისტემ პუტინს აუხსნა, რამდენად შეუქცევადად შეცვალა ფინეთის უსაფრთხოების პირობები და  გეგმები ნატოში შესვლის შესახებ 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ დაყენებულმა მოთხოვნამ ნატოში ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვის შესახებ და 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრამ.

“პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფინეთი უახლოეს რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას ნატოში განაცხადის შეტანის შესახებ. საუბარი იყო პირდაპირი, მკაფიო, და ესკალაციის გარეშე მიმდინარეობდა. დისკუსია სწორხაზოვანი და არაორაზროვანი იყო და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. დაძაბულობის თავიდან აცილება იმთავითვე მნიშვნელოვნად ითვლებოდა“– ნათქვამია განცხადებაში.

ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს შეახსენა მასთან პირველი შეხვედრის დროს ნათვამი ფრაზა, რომ ყოველი დამოუკიდებელი სახელმწიფო საკუთარი უსაფრთხოების მაქსიმიზაციას ახდენს.

“ეს ისევ ასეა. ნატოში გაწევრიანებით ფინეთი საკუთარ უსაფრთხოებას გააძლიერებს და პასუხისმგებლობას აიღებს. ფინეთს სურს მომავალშიც გადაჭრას პრაქტიკული პრობლემები, რომელსაც რუსეთთან მეზობლობა წარმოქმნის“– ნათქვამია განცხადებაში.