ფინეთმა გადაწყვიტა რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა 10–ჯერ შეამციროს

ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსებისთვის გასაცემი ტურისტული ვიზების რაოდენობა 10–ჯერ შეამციროს. ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე გახდა ცნობილი, როცა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მოუწოდებს ევროკავშირს სრულად შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.

რუსებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა 1 სექტემბიდან შემცირდება – აცხადებენ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამავე დროს, უწყებაში ამბობენ, რომ ფინეთის მთავრობა აპირებს ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზის შემოღებას რუსებისთვის სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზიტის გასამარტივებლად.

მანამდე, სამშაბათს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ხავისტომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ვიზაზე მისაღები განაცხადების რაოდენობის შეზღუდვას რუსეთიდან ერთი მეხუთედით ან ერთი მეათედით.

ფინური მედიის ინფორმაციით ახლა ყოველდღიურად ფინეთი დაახლოებით 1 ათასამდე რუსის სავიზო განაცხადს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან მათი რაოდენობა 100–200–მდე შემცირდება.

ხასავიტოს თქმით, პრიორიტეტი ვიზების გაცემისას იმ მოქალაქეებს მიენიჭებათ, ვისაც ფინეთში ჩასვლა ოჯახური გარემოებების გამო, სასწავლებლად ან სამსახურთან დაკავშირებით ჭირდებათ.

ფინეთის ვიზები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სანკტ–პეტერბურგის მაცხოვრებლებისთვის არის. ამ ქალაქიდან უახლოეს ფინურ ქალაქამდე – იმატრამდე 200 კილომეტრია, რასაც მანქანით მაქსიმუმ 3 საათი ჭირდება, სასაზღვრო ფორმალობების ჩათვლით. წარსულში, სანქტ–პეტერბურგის ცენტრიდან შაბათ–კვირას უამრავი სამრშრუტო ტაქსი გადიოდა ფინეთის  მიმართულებით. მათი  შევსება პრობლემა არ ყოფილა – ფინეთის ხელისუფლება პეტერბურგელებს და რუსეთის ჩრდილო–დასავლეთის ოლქების ქალაქების მაცხოვრებლებზე ვიზებს გამარტივებული წესით გასცემდა. არ იყო საჭირო სასტუმროს დაჯავშნა, ბილეთის ყიდვა ან იმის მტკიცება, რომ ფული გაქვს, ანკეტა, პასპორტი, დაზღვევა და ა.შ.

ფინეთში რუსები საყიდლებზე და შაბათ–კვირის გასატარებლადაც გადადიოდნენ, ან აქაური ვიზით ტრანზიტით გადიოდნენ ევროპაში.

2018 წელს ფინეთმა პეტერბურგელებზე 500 ათასზე მეტი ვიზა გასცა. მათი 99.6% მრავალჯერადი იყო. თუმცა, 2019 წელს მიდგომა გამკაცრდა. ფინელებმა სხვა ქვეყნების მსგავსად ბილეთების და სასტუმროს ჯავშნის მოთხოვნა დაიწყეს. შემდეგ იყო კორონავირუსი და ქვეყანა ტურისტებისთვის მხოლოდ ამ ზაფხულს გაიხსნა. პეტერბურგელები დაუყოვნებლივ გააქტიურდნენ ფინური შენგენის ვიზების მისაღებად, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათთვის ეს ფანჯარა ევროპაში იხურება.