ფორმულაზე შეტევა Edison Research-ის კვლევებმა განაპირობა – ფორმულას განცხადება

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ფორმულაზე მიტანილ მორიგ სამართლებრივ შეტევას ედისონ რისერჩის კვლევებს უკავშირებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს, ეგზიტპოლის შედეგები მაინც გავა რომელიმე ტელევიზიის ეთერში.

“ორშაბათს ფორმულას ეთერში გავიდა Edison Research-ის მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას. სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა ფორმულაზე და მის დაფუძნებელზე.

მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია Edison Research-ის წარმომადგენლობასთან და რა სცენარებითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს ან ხვალ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი, ან მოხდეს რამე ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში”,- განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.