“ფრენების აღდგენაზე, მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა!” – განხილვა ევროპარლამენტში

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება სადაც თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი არიან.

“ხალხის ძალის” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში განხილვაზე თქვა, რომ საქართველოში ფრენების აღდგენა, რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ევროპარლამენტარმა ლუკ დევინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენას მხოლოდ მოსკოვის გადაწყვეტილებით ვერ მოხდებოდა და საჭირო იქნებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობაც. დევინის თქმით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს ცალმხრივად, რომ რომელიმე ქვეყანაში სურს ფრენები.

  • “2019 წელს, როდესაც რუსეთმა ეს ფრენები შეწყვიტა, ევროპის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ მოსკოვს, რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებებს. გამოდის, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იყო, მთელი დასავლური საზოგადოება ფრენების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა. ახლა რატომ შეიცვალა დამოკიდებულება? – განაცხადა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში გამართულ განხილვაზე.

 

  • “პირველ რიგში ქალბატონ სეფაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა, სხვაგვარად ფრენები ვერ აღდგებოდა. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს ცალმხრივად, რომ რომელიმე ქვეყანაში სურს ფრენები. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში ორმხრივი იყო. გარდა ამისა, დიახ, იყო მოწოდებები 2019 წელს, რომ ფრენები არ შეწყვეტილიყო, მაგრამ ეს იყო ომამდე და რუსეთის აგრესიამდე.”- ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ლუკ დევინმა “ხალხის ძალის” დეპუტატს.

დევინი ასევე გამოეხმაურა “ოცნების” დეპუტატს მაია ბითაძესაც და შეახსენა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც პრემიერმა უკრაინის ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნატოს გაფართოება დაასახელა.

  • “გარდა ამისა, ქალბატონ ბითაძეს მინდა გავცე პასუხი. „ნატოს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი“ – თქვა თქვენმა პრემიერმინისტრმა და თქვენ ამბობთ, რომ 2008 წლის ომის მიზეზიც ეს არის. ჩვენ ყველანი გეთანხმებით ამაში. პრობლემა ის არის, რომ თქვენგან განსხვავებით, თქვენს პრემიერმინისტრს საერთოდ არ უხსენებია, რომ რუსეთი 2008 წლიდან არაფრად აგდებს ქვეყნების სუვერენულ უფლებებს, არამედ მიზეზად მხოლოდ ნატოს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან ტყუილია, იმიტომ რომ 2008 წლიდან, როდესაც საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანების დაპირება მიიღეს, 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად. ასე რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის.” – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ლუკ დევინმა.