ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ცა აივსება ავიახომალდებით – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ “ცა გაივსება ავიახომალდებით”.

მისი თქმით, არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ 1 თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება.

“პირველი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, როდესაც ჩვენ, თუ გვექნა დადებითობის მაჩვენებელი უფრო მისაღები, უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ ვიზიტორისთვის, ესაც მნიშვნელოვანია. ვიჭერთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმით, რომ ფრენები აღდგება, ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება. კომპანიებმა უნდა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ. ასევე, დაიწყებენ შემოსვლას პირველი ჯგუფის ტურისტები, უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან, ვაქცინაციის პირობების შესრულებით. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და მოგახსენებთ. ამ პირობებშიც კი შევძლებთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს“,-აცხადებს თურნავა.

ცნობისთვის, პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება.

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი პირველ მარტამდე ძალაში რჩება. ნახეთ ვრცლად.