ფურცხვანიძის დაკითხვისას პროკურატურას კითხვები ექნება ფოტოსურათებზე, რომელიც მან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიაწოდა – პროკურორი

“დავით ფურცხვანიძის დაკითხვისას პროკურატურას კითხვები ექნება იმ ფოტოსურათებზე, რომელიც მან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიაწოდა”-  ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.  მისი თქმით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დავით ფურცხვანიძის დაკითხვისას პროკურატურას კითხვები ექნება იმ ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რომელიც ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს მიაწოდა. გუმბერიძის თქმით, კითხვები ასევე შეეხება იმას, რა ინტერესი აქვს ფურცხვანიძეს აღნიშნულ საქმეში და ვის დავალებებს ასრულებს.

“ჩვენ გვაინტერესებს ორი საკითხი. პირველ რიგში, ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რაზეც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ამ პიროვნებისგან მიიღო და რაც შემდეგ ჩვენ, გამოძიებას წარმოგვიდგინა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებული, იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტი, რაც ყარაბაღს უკავშირდებოდა. როდესაც სასამართლოში დავკითხეთ გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი, მან დაიხმარა კვლევა, რაც ჩატარებული იყო დავით ფურცხვანიძის მიერ. ეს პოზიციაც, რაც იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდებოდა და ვითომდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ამ მიზეზით მოხდა, დავით ფურცხვანიძე იყო წყარო, ვინც ოჯახს ეს ინფორმაცია მიაწოდა. ეს პიროვნება ჩართულია ამ საქმეში, შესაბამისად, გვაქვს ბევრი კითხვა მასთან დაკავშირებით – რატომ, ვის დავალებებს, რა მითითებებს ასრულებს, რა ინტერესი აქვს საქმეში. ჩვენ დეტალურად დავკითხავთ ამ პიროვნებას”,- განაცხადა გუმბერიძემ.