“ქართლმა ოცნებამ” გაატარა რეფორმები, რომლებმაც უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა – კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ რეფორმები გაატარა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მისი თქმით, ქვეყანა სწორ რელსებზე დგას.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარდა ძირეული რეფორმები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის და პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამ რეფორმებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, უამრავ ადამიანს შეუწყო ხელი, მიეღო შემოსავალი. უამრავ ადამიანს მიეცა დასაქმების შესაძლებლობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დგას. კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და სახელმწიფოს მხარდაჭერასა და თანადგომას საჭიროებს. ჩვენ ვალდებულები ვართ, თითოეულ მოქალაქეს მხარში ამოვუდგეთ, თითოეული ადამიანისა და ოჯახის პრობლემა გავიზიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების მხარდასაჭერად“,-განაცხადა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ის ხელისუფლება გაისტუმრა, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა.

„მაშინ, როდესაც ძალიან დიდი შიში და ზეწოლა იყო, ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით მშვიდობიანი არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება, გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“,-განაცხადა კალაძემ.