ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 45,349 -მა მოქალაქემ გახსნა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ქართულ ბანკებში რუსეთის 45,349 -მა მოქალაქემ  და რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა გახსნა ანგარიში და დეპოზიტებზე 1 მლრდ 200 მლნ ლარი შეიტანა. ამ დროისთვის რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში 1,2 მლრდ ლარი აქვთ განთავსებული.

IDFI-ის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში აქტიური შემოსვლის და საბანკო ანგარიშების გახსნის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომერციულ ბანკებში მათ მიერ განთავსებული დეპოზიტების მაჩვენებელიც.

2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს. რუსეთის  მოქალაქეების მიერ  დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი კი ომამდე პერიოდთან (2022 წლის 24 თებერვლამდე) შედარებით, დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარით, 170%-ით გაიზარდა.

რუსეთის მოქალაქეების მიერ დეპოზიტებზე არსებული თანხის 72% (1.36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0.06% (1.2 მილიონი).

“2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების 53% წარმოადგენს მოთხოვნამდე დეპოზიტებს, 21% მიმდინარე ანგარიშებს, ხოლო 26% ვადიან დეპოზიტებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ომამდე პერიოდში ვადიანი დეპოზიტების წილი 60%-ს აღწევდა.” – ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.